წესები
ქუდი წყვილების თამაშია. ყველა მოთამაშე ფარულად წერს სიტყვებს, რომლებიც ერთ საერთო „ქუდში" ხვდება. შენი მიზანია, ახსნა ისე, რომ შენმა წყვილმა დროში რაც შეიძლება მეტი სიტყვა გამოიცნოს. თამაში სამი რაუნდისგან შედგება, და ყოველ რაუნდში ახსნა უფრო რთულდება.
რა გჭირდება
- 4-დან 24 მოთამაშემდე, ლუწი რაოდენობა (ანუ 2-დან 12 წყვილამდე).
- თითოეულს საკუთარი ტელეფონი ინტერნეტით და qeqe-ს ანგარიში.
- თითოეულს 10 ⭐ ქულა თამაშის დასაწყებად.
1. ოთახის შექმნა
ერთ-ერთი მოთამაშე, ჰოსტი, ქმნის ოთახს და დანარჩენებს უზიარებს 4-ნიშნა კოდს ან ბმულს. ჰოსტი ირჩევს პარამეტრებს:
- სიტყვები თითო მოთამაშეზე: 5, 10, 15 ან 20. რაც მეტია, მით უფრო გრძელია თამაში.
- სვლის დრო: 30 წამიდან 2 წუთამდე.
- წყვილების შედგენა: ჰოსტი ანაწილებს, შემთხვევით, ან მოთამაშეები თავად ირჩევენ წყვილს.
როცა ყველა ოთახშია და წყვილები შედგენილია, ჰოსტი აჭერს „თამაშის დაწყებას". ამ მომენტში თითოეულ მოთამაშეს 10 ⭐ ჩამოეჭრება. თამაშის დაწყების შემდეგ ახალი მოთამაშე ვეღარ შემოვა.
2. სიტყვების წერა
ყველა ფარულად წერს სიტყვებს საკუთარ ტელეფონზე. თითო ველში მხოლოდ ერთი სიტყვა იწერება, და ერთი სიტყვა ორჯერ ვერ ჩაიწერება. სხვისი სიტყვები არავის უჩანს.
💡 კარგი სიტყვაა ის, რომლის ახსნაც შეიძლება სამივე რაუნდში, მუნჯურადაც: საგნები, ცხოველები, პროფესიები, ცნობილი ადგილები და ადამიანები. ძალიან მარტივი სიტყვა მოსაწყენია, შეუძლებელი კი ყველას აბრაზებს.
3. რიგი და სვლა
რიგს აპლიკაცია ადგენს ისე, რომ ორი მომდევნო სვლა ყოველთვის სხვადასხვა წყვილს ეკუთვნის. როცა შენი რიგია:
- დააჭირე „დაწყებას". ტაიმერი ჩაირთვება, და ტელეფონზე გამოჩნდება ქუდიდან ამოღებული ფურცელი სიტყვით. სიტყვას მხოლოდ შენ ხედავ.
- ახსენი სიტყვა შენს წყვილს, ახსნის წესები რაუნდზეა დამოკიდებული (იხ. ქვემოთ).
- როცა წყვილი სწორად იტყვის, დააჭირე „გამოიცნო ✓", და შემდეგი ფურცელი ამოვა.
- თუ შემთხვევით დააჭირე, „გაუქმება" ბოლო სიტყვას ქუდში დააბრუნებს და ქულას ჩამოაკლებს.
- როცა დრო ამოიწურება, მიმდინარე სიტყვა ქუდში ბრუნდება, და სვლა შემდეგ მოთამაშეზე გადადის.
სიტყვის გამოტოვება არ შეიძლება. თუ სიტყვა ვერ ახსენი, ან ბოლომდე ეცადე, ან დრო ამოიწურება და ის ქუდში დარჩება სხვისთვის.
გამოცნობა მხოლოდ ამხსნელის წყვილს შეუძლია. დანარჩენები ჩუმად არიან: თუ სხვა გუნდის მოთამაშემ თქვა სიტყვა, ის არ ითვლება.
4. სამი რაუნდი
სამივე რაუნდში ერთი და იგივე სიტყვებია, ყოველ ჯერზე ხელახლა არეული. ამიტომ მესამე რაუნდისთვის ყველას ემახსოვრება სიტყვები, და ეს გეხმარება.
ახსენი ისე, როგორც გინდა: აღწერე, მოიყვანე მაგალითი, გაიხსენე საერთო ამბავი.
არ შეიძლება: თავად სიტყვის ან მისი ძირის თქმა (მაგ. „ფეხბურთზე" ვერ იტყვი „ფეხს"), სხვა ენაზე თარგმნა, ასოების დასახელება და „ჟღერს როგორც…"-ით მინიშნება.
სიტყვის ასახსნელად შეგიძლია თქვა ზუსტად ერთი სიტყვა. ჟესტები და ხმები არ შეიძლება. თუ წყვილმა ვერ გამოიცნო, სხვა სიტყვას ვეღარ იტყვი: ელოდები, სანამ ფიქრობს, ან დრო ამოიწურება.
პირველი რაუნდის აკრძალვები აქაც მოქმედებს.
ახსენი მხოლოდ ჟესტებით და მიმიკით, ხმის გარეშე. ამ რაუნდში ფურცელი ამობრუნებულია: სიტყვა მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა ფურცელს თითით აჭერ. აუშვებ და დაიმალება, ასე რომ ტელეფონის მაგიდაზე დადება უსაფრთხოა.
არ შეიძლება: ლაპარაკი, ჩურჩული, ხმების გამოცემა, ჰაერში ასოების წერა.
რაუნდი მთავრდება, როცა ქუდი დაცარიელდება, თუნდაც ეს სვლის შუაში მოხდეს. სვლის დარჩენილი დრო შემდეგ რაუნდზე არ გადადის. ახალ რაუნდს იწყებს მომდევნო მოთამაშე.
5. ქულები და გამარჯვება
- ყოველი გამოცნობილი სიტყვა = 1 ქულა ამხსნელის წყვილს.
- სამი რაუნდის შემდეგ იგებს წყვილი, რომელსაც ჯამში ყველაზე მეტი ქულა აქვს. თანაბარი ქულის შემთხვევაში ყველა ლიდერი წყვილი იმარჯვებს.
- გამარჯვებული წყვილის თითოეული წევრი იღებს 15 ⭐-ს: 10 ⭐ საფასური ბრუნდება, და 5 ⭐ ემატება.
- თუ თამაში ბოლომდე ვერ დასრულდა (ოთახი დაიხურა, სერვერი გადაიტვირთა), ყველას საფასური ბრუნდება.
- ქულები ლიდერბორდზე ითვლება: ვინ ახსნა და ვინ გამოიცნო ყველაზე მეტი სიტყვა კვირაში, თვეში და სულ.
ჰოსტის შესაძლებლობები
- ლობიში მოთამაშის გაგდება და წყვილების გადანაწილება.
- სვლის გამოტოვება, თუ ამხსნელი ადგილზე არ არის ან ტელეფონი გაეთიშა.
- თამაშის დასრულების შემდეგ ახალი თამაშის დაწყება იმავე ოთახში.
თუ კავშირი გაწყდა
არაფერი იკარგება. გახსენი იგივე ბმული ან kudi.qeqe.app, და თამაშში იმავე ადგილზე დაბრუნდები. ტაიმერი სერვერზე გრძელდება, ამიტომ შენი სვლის დროს კავშირის გაწყვეტა დროს არ აჩერებს.